მომსახურების პირობები
ზოგადი წესები და პირობები ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ორგანიზების შესახებ
ბოლო განახლება: თებერვალი 2026
წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ჩარჩო ხელშეკრულებას რომელიც არეგულირებს ტდპ-სა და დამკვეთს შორის ურთიერთობას.
1. მხარეები
1.1. გადაზიდვის ორგანიზატორი: შპს „თბილისი დრაი პორტი“, ს/კ 405483454 (შემდგომში — „ტდპ“).
1.2. დამკვეთი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმის საშუალებით უკვეთავს ტვირთის გადაზიდვის მომსახურებას (შემდგომში — „დამკვეთი“).
ტდპ და დამკვეთი ერთობლივად მოიხსენიებიან როგორც — „მხარეები“.
2. ტერმინთა განმარტება
2.1. პლატფორმა — ვებ აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც დამკვეთი ახორციელებს ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შეკვეთას.
2.2. მომსახურება — ტდპ-ის მიერ დამკვეთისთვის ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება, მათ შორის: შეკვეთის მიღება, კოორდინაცია, შესაბამისი გადამზიდავების ჩართვა, დოკუმენტაციის ადმინისტრირება და გადაზიდვის პროცესის მხარდაჭერა.
2.3. გადამზიდავი — ნებისმიერი მესამე პირი (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: შპს „საქართველოს რკინიგზა“, საავტომობილო გადამზიდავი კომპანიები), რომელიც უშუალოდ ახორციელებს ტვირთის ფიზიკურ გადაზიდვას.
2.4. გადაზიდვის ფორმა — ტვირთის გადაზიდვის ფორმა, მათ შორის სარკინიგზო, საავტომობილო ან მათი კომბინაცია, კონკრეტული შეკვეთის მიხედვით.
2.5. შეკვეთა — დამკვეთის მიერ პლატფორმის საშუალებით ფორმირებული კონკრეტული მოთხოვნა მომსახურების გაწევის შესახებ, სადაც განისაზღვრება გადაზიდვის ფორმა, მარშრუტი, ტვირთის მახასიათებლები და სხვა პირობები.
2.6. კონტეინერი — მრავალჯერადი გამოყენების სტანდარტიზებული სატრანსპორტო ერთეული.
2.7. სატრანსპორტო დოკუმენტები — გადაზიდვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის სარკინიგზო ზედდებული, სატვირთო ზედნადები (CMR), ინვოისი, შეფუთვის სია, საბაჟო დოკუმენტები და სხვა.
3. ხელშეკრულების საგანი
3.1. წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ჩარჩო ხელშეკრულებას რომელიც არეგულირებს ტდპ-სა და დამკვეთს შორის ურთიერთობას ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ორგანიზების პროცესში.
3.2. ტდპ მოქმედებს მხოლოდ როგორც გადაზიდვის ორგანიზატორი და არ წარმოადგენს უშუალო გადამზიდავს, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან ტვირთის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ და ცალსახად არის მითითებული კონკრეტულ შეკვეთაში ან შესაბამის სატრანსპორტო დოკუმენტში.
3.3. ტვირთის ფიზიკური გადაზიდვა ხორციელდება შესაბამისი გადამზიდავის მიერ და ექვემდებარება:
- გადამზიდავის მოქმედ წესებსა და რეგულაციებს;
- შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სატრანსპორტო კანონმდებლობას;
- კონკრეტული გადაზიდვის ფორმისთვის მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოს (მათ შორის, სარკინიგზო ან საავტომობილო, სახიფათო და სხვა).
4. პლატფორმით სარგებლობა და თანხმობა
4.1. დამკვეთი პლატფორმაზე რეგისტრაციისა და თანხმობის ღილაკის მონიშვნით ადასტურებს, რომ:
- გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს;
- ესმის მათი შინაარსი და სამართლებრივი შედეგები;
- იღებს მათ სავალდებულოდ შესასრულებლად.
4.2. პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება, მათ შორის შეკვეთის განთავსება ან დადასტურება, ავტომატურად ჩაითვლება წესებსა და პირობებზე უპირობო თანხმობად.
5. შეკვეთა და გადაზიდვის ფორმა
5.1. თითოეული ცალკეული შეკვეთა წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და განიხილება მათთან ერთობლიობაში.
5.2. კონკრეტული გადაზიდვის ფორმა/სახეობა (სარკინიგზო, საავტომობილო ან კომბინირებული) განისაზღვრება შეკვეთის პირობებით.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და კონკრეტული შეკვეთის პირობებს შორის არსებობს წინააღმდეგობა, უპირატესობა ენიჭება შესაბამის შეკვეთის პირობებს.
6. ტდპ-ის ვალდებულებები და უფლებები
6.1. ტდპ ვალდებულია:
- ორგანიზება გაუწიოს დამკვეთის მიერ შეკვეთილ გადაზიდვას;
- უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესის კოორდინაცია;
- მიაწოდოს დამკვეთს ხელმისაწვდომი ინფორმაცია გადაზიდვის სტატუსის შესახებ.
6.2. ტდპ უფლებამოსილია:
- ჩართოს მესამე პირები (გადამზიდავები, ტერმინალები და სხვა);
- შეაჩეროს მომსახურება დამკვეთის მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში;
- დააკავოს ტვირთი მომსახურების საფასურის სრულად გადახდამდე.
7. ფორს-მაჟორი
7.1. ფორს-მაჟორად ითვლება გარემოება, რომელიც სცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს და შეუძლებელს ან არსებითად ართულებს ვალდებულებების შესრულებას.
7.2. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს დამკვეთს უკვე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1. ტდპ არ აგებს პასუხისმგებლობას:
- გადაზიდვის დაგვიანებაზე, რომელიც გამოწვეულია გადამზიდავის, საგზაო პირობების, ინფრასტრუქტურული შეზღუდვების, სახელმწიფო ორგანოების ან სხვა მესამე პირების ქმედებით;
- ტვირთის დაზიანებაზე ან დაკარგვაზე, რომელიც წარმოიშვა უშუალო გადაზიდვის პროცესში და არ არის გამოწვეული ტდპ-ს ბრალეული ქმედებით.
8.2. ტდპ-ის პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში შემოიფარგლება შესაბამისი შეკვეთის ღირებულებით.
8.3. ტდპ არ აგებს პასუხისმგებლობას არაპირდაპირ ზიანზე, მოგების დაკარგვაზე ან კომერციულ დანაკარგზე.
9. დამკვეთის ვალდებულებები
9.1. დამკვეთი პასუხისმგებელია:
- შეკვეთაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე;
- სატრანსპორტო და საბაჟო ან ნებისმიერი სხვა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე;
- ყველა შესაბამისი გადასახადის, მოსაკრებლისა და ჯარიმის გადახდაზე.
9.2. დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ტდპ-ს ნებისმიერი ზიანი ან ხარჯი, რომელიც გამოწვეულია არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ვალდებულებების დარღვევით.
10. დავების გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი
10.1. მხარეები ვალდებულნი არიან დავა პირველ ეტაპზე მოაგვარონ მოლაპარაკების გზით.
10.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში, ერთ არბიტრთან.
10.3. გამოსაყენებელი სამართალია საქართველოს კანონმდებლობა.
11. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
11.1. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
11.2. მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით.
12. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე წესები ძალაში შედის დამკვეთის მიერ მათზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან.
12.2. ტდპ უფლებამოსილია განაახლოს წინამდებარე წესები; განახლებული რედაქცია ავტომატურად ვრცელდება პლატფორმის ყველა მომხმარებელზე.
შეკვეთა (Booking Note)
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული შეკვეთის ფორმას (შემდგომში — „შეკვეთა“) და არის შპს „თბილისი დრაი პორტი“-სა და დამკვეთს შორის გაფორმებული ზოგადი წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილი.
1. მხარეები
გადაზიდვის ორგანიზატორი: შპს „თბილისი დრაი პორტი“ საიდენტიფიკაციო კოდი: 405483454 (შემდგომში — „ტდპ“).
დამკვეთი: იურიდიული/ფიზიკური პირი, რომლის მონაცემები მითითებულია პლატფორმაზე შეკვეთის ფორმირებისას (შემდგომში — „დამკვეთი“).
ტდპ და დამკვეთი ერთობლივად მოიხსენიებიან როგორც „მხარეები“.
2. შეკვეთის საგანი
2.1. წინამდებარე შეკვეთით დამკვეთი ავალებს, ხოლო ტდპ იღებს ვალდებულებას, ორგანიზება გაუწიოს დამკვეთის ტვირთის გადაზიდვას შეკვეთაში მითითებული პირობების შესაბამისად.
2.2. ტდპ მოქმედებს მხოლოდ როგორც გადაზიდვის ორგანიზატორი და არ წარმოადგენს უშუალო გადამზიდავს, თუ კონკრეტული შეკვეთის პირობებით ან შესაბამის სატრანსპორტო დოკუმენტით პირდაპირ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.3. ტვირთის ფიზიკური გადაზიდვა ხორციელდება მესამე პირი გადამზიდავის მიერ და ექვემდებარება შესაბამის სატრანსპორტო რეჟიმზე მოქმედ ეროვნულ და/ან საერთაშორისო სამართლებრივ რეგულაციებს.
3. გადაზიდვის ფორმა და მარშრუტი
3.1. გადაზიდვის ფორმა: ☐ სარკინიგზო ☐ საავტომობილო ☐ კომბინირებული
3.2. მარშრუტი: გამგზავნის ადგილი; ჩატვირთვის ადგილი (პორტი/ტერმინალი); დანიშნულების ადგილი.
3.3. გადაზიდვის კონკრეტული ოპერაციული დეტალები (თარიღები, გრაფიკი, ტექნიკური შეზღუდვები) განისაზღვრება გადამზიდავის შესაძლებლობებისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით.
4. ტვირთის აღწერა
4.1. ტვირთის დასახელება; კონტეინერის ტიპი და ზომა; კონტეინერის მფლობელი; ტვირთის გროს წონა; ტვირთის სპეციალური მახასიათებლები (საშიში, მტვრევადი, ტემპერატურული რეჟიმი და სხვ.) — განისაზღვრება კონკრეტულ შეკვეთაში.
5. სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტები
5.1. დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა აუცილებელი სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტის არსებობა, სისწორე და სიზუსტე.
5.2. ნებისმიერი ზიანი, ჯარიმა ან დაგვიანება, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციის უზუსტობით ან არარსებობით, სრულად ეკისრება დამკვეთს.
6. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორება
6.1. მომსახურების საერთო ღირებულება ამ შეკვეთის ფარგლებში შეადგენს: __________ აშშ დოლარს / ლარს (დღგ-ს გარეშე).
6.2. მომსახურების ღირებულება მოიცავს: სარკინიგზო გადაზიდვის საფასურს (შესაბამისი რეჟიმის შემთხვევაში); საბოლოო დანიშნულების ადგილზე 3 (სამი) საათის უფასო განტვირთვის დროს.
6.3. მომსახურების ღირებულება არ მოიცავს: ფოთის ან ბათუმის საზღვაო პორტების ტერმინალური მომსახურების საფასურს (THC); ტდპ-ის ტერიტორიაზე დამატებით გაწეულ მომსახურებებს; საავტომობილო გადაზიდვის საფასურს თბილისის ქალაქის ფარგლებში; ინსპექტირების, აწონის, საბაჟო ფორმალობების, შენახვის, დაყოვნების და სხვა მსგავსი ხარჯების საფასურს; დღგ-ს.
6.4. დამატებითი საფასური სატრანსპორტო საშუალების დაყოვნებისთვის: თბილისის ფარგლებში — 20 აშშ დოლარი საათში; თბილისის ფარგლებს გარეთ — 50 აშშ დოლარი საათში.
6.5. ნებისმიერი დამატებითი ხარჯი ოფიციალური ტარიფების შესაბამისად, ანაზღაურდება დამკვეთის მიერ დამატებით.
6.6. დამატებითი მომსახურებების ღირებულება აისახება საბოლოო ინვოისში.
7. ანგარიშსწორების პირობები
7.1. ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარ, ტდპ-ის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე.
7.2. ინვოისის გადაუხდელობის შემთხვევაში ტდპ უფლებამოსილია შეაჩეროს შეკვეთის შესრულება ან გამოიყენოს ტვირთის დაკავების უფლება.
8. პასუხისმგებლობა
8.1. ტდპ არ აგებს პასუხისმგებლობას ტვირთის დაზიანებაზე, დაკარგვაზე ან გადაზიდვის დაგვიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია გადამზიდავის, მესამე პირების ან ფორს-მაჟორული გარემოებების ქმედებით.
8.2. ტდპ-ის მაქსიმალური პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში შემოიფარგლება ამ შეკვეთის ფარგლებში გადახდილი მომსახურების ღირებულებით.
9. ფორს-მაჟორი
9.1. ფორს-მაჟორად ითვლება გარემოება, რომელიც სცდება მხარეთა კონტროლს და შეუძლებელს ან არსებითად ართულებს წინამდებარე შეკვეთის შესრულებას.
9.2. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს დამკვეთს უკვე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან.
10. მოქმედება და იერარქია
10.1. წინამდებარე შეკვეთა ძალაში შედის დამკვეთის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან პლატფორმის საშუალებით.
10.2. წინამდებარე შეკვეთა წარმოადგენს ტდპ-სა და დამკვეთს შორის მოქმედი ზოგადი წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
10.3. წინამდებარე შეკვეთისა და ზოგადი წესებისა და პირობების შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე შეკვეთის პირობებს.
11. დასკვნითი დებულებები
11.1. ყველა მომსახურების შესაძლებლობა და მოცულობა ექვემდებარება წინასწარ შეთანხმებას.
11.2. მხარეები ადასტურებენ, რომ შეკვეთის პირობები მათთვის გასაგებია და შეესაბამება მათ რეალურ ნებას. დამკვეთის დადასტურება პლატფორმის საშუალებით (ელექტრონული თანხმობა ითვლება ხელმოწერად).